logo
ENG



ჩუბინაშვილის ცენტრი ქოროღოს კოშკზე: "დაშლის" ნაცვლად, დაანგრიეს უხეში ძალის გამოყენებით

18 ნოე 202312:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/18/8uucosqgb3lmxye.jpg

ჩუბინაშვილის ცენტრმა ქოროღოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ცენტრი აღნიშნავს, რომ
პროექტით ნაგულისხმევი "დაშლის" ნაცვლად, კოშკი დაანგრიეს უხეში ძალის გამოყენებით.

"დღევანდელი მდგომარეობით, ცხადია, რომ დანგრევის შემდეგ დარჩენილი დამტვრეული ქვები გამოუსადეგარი იქნება მისი ოთხივე სართულის "თავიდან აღსადგენად". თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს რაღაცნაირად მოხერხდება, ახლადაშენებული კოშკი ვერ ჩაანაცვლებს X საუკუნის ავთენტურ ძეგლს და ვერ აღადგენს კომპლექსის მთლიანობას", - აღნიშნულია დასკვნაში.

ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ქოროღო 19 ოქტომბერს მოინახულეს. როგორც ისინი აღნიშნავენ,
ბოლოდროინდელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შექმნილი პრობლემები არ შემოიფარგლება მხოლოდ კოშკის დანგრევით.

"საფრთხეშია უნიკალური რელიეფები, ხოლო თვით ეკლესიაზე სამუშაოები უხარისხოდ არის ჩატარებული", - აღნიშნულია დასკვნაში.

ცენტრი დასკვნაში წერს, რომ ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე დიდი ხარვეზებით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სათავე 2019 წელს შემუშავებულ პროექტშია საძიებელი, რომლის მიხედვით გათვალისწინებული იყო უხეში ჩარევა ეკლესიის და კოშკის ხუროთმოძღვრულ სტრუქტურაში. ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულმა პროექტმა არაერთი შენიშვნა დაიმსახურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექციის 2019 წლის დეკემბერში გამართულ სხდომაზე. პროექტის ავტორს მიეცა კონკრეტული რეკომენდაციები ხარვეზების გამოსასწორებლად და პროექტის განმეორებით წარმოსადგენად, თუმცა განმეორებითი განხილვის შედეგები ცენტრისთვის უცნობია.

ჩუბინიშვილის ცენტრის დასკვნა:

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექციის სხდომაზე 2019 წელს წარმოდგენილმა პროექტმა არგუმენტირებული შენიშვნები მიიღო ზურგიანი კოშკის ძირამდე დაშლასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი არ იქნა გათვალისწინებული. პროექტით განსაზღვრული სამუშაოები მაინც განხორციელდა.
  • არ იქნა გაწეული სათანადო ძალისხმევა X საუკუნის ზურგიანი კოშკის შესანარჩუნებლად, რომლის სტრუქტურულ სტაბილიზაციას ნახევარი საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი. კოშკი, რომელმაც ათი საუკუნის მანძილზე გაუძლო არახელსაყრელ ბუნებრივ მოვლენებსა და მტრის შემოსევებს, XXI საუკუნეში დაანგრიეს სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში.
  • პროექტით ნაგულისხმევი "დაშლის" ნაცვლად, კოშკი დაანგრიეს უხეში ძალის გამოყენებით. დღევანდელი მდგომარეობით, ცხადია, რომ დანგრევის შემდეგ დარჩენილი დამტვრეული ქვები გამოუსადეგარი იქნება მისი ოთხივე სართულის "თავიდან აღსადგენად". თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს რაღაცნაირად მოხერხდება, ახლადაშენებული კოშკი ვერ ჩაანაცვლებს X საუკუნის ავთენტურ ძეგლს და ვერ აღადგენს კომპლექსის მთლიანობას.
  • ეკლესიის სამხრეთი კარიბჭის გაუმართლებელი დანგრევის შემდეგ, არ იქნა მიღებული ზომები მასში ჩართული უნიკალური რელიეფების დასაცავად, რამაც გამოცალკევებულ რელიეფიან ქვებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. საპროექტო სამუშაოები არ ითვალისწინებდა ამ რელიეფების სამომავლო ბედის განსაზღვრას და არც მერე, სამუშაოების მიმდინარეობისას შემუშავებულა რაიმე გეგმა მათი დაცვის უზრუნველსაყოფად. ამჟამად ისინი ღია ცის ქვეშ აწყვია.
  • ღვთისმშობლის ეკლესიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა ზერელედ და უხარისხოდ, რამაც გააუარესა შენობის ესთეტიკური იერი. ასევე, ჩატარებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს შენობის სტრუქტურულ მდგრადობას შორეულ პერსპექტივაში.

close დახურვა